თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა დასტაბილურდა და სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.
ჩვილი სამი კვირის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული.
„მისი მდგომარეობა სტაბილურია. რასაკვირველია, მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ამჟამად სატურაციას და სხვა პარამეტრებს ნორმალურს უჩვენებს. ასე რომ, მდგომარეობა გაუმჯობესებულია“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მაია ჩხაიძე აღნიშნავს, რომ მათ კლინიკაში ადგილები აღარაა.
„გუშინ საღამოს შემდეგ ადგილები აღარ გვაქვს, პრაქტიკულად, გაჩერებული ვართ. 90 ბავშვი წევს და 64 მშობელი. რეანიმაციაში 25 პაციენტია და აქაც გაჩერებული გვაქვს მიღება. 25 პაციენტიდან 18 ჩვილია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
რამდენიმე დღის წინ კლინიკაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ორი ჩვილი გარდაიცვალა.
პედიატრების განცხადებით, ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება რთულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში. იკვეთება გახანგრძლივებული ჰიპერთერმია და შეიძლება ამას თან ახლდეს ქვედა სასუნთქი გზების გართულება, ასევე ზიანდება ფილტვები, ბავშვებს ახასიათებთ ზოგადი, საერთო სისუსტე.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბავშვებს შორის კორონავირუსის 41 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 9%-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 400.698 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 371.434 ადამიანი, გარდაიცვალა 5.665 პაციენტი.