თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავესთან გამარჯვებით მოიპოვა.
ორი ეგვიპტელი სპორტსმენის - მოჰაბ სამერისა და ზიად ელ სისის დამარცხების შემდეგ სანდრო მეოთხედფინალურ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერეს მოფარიკავე სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰის შეხვდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, სანდროს რამდენჯერმე მოუწია მდევრის როლში ყოფნა, თუმცა ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრის მიწურულს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება შეძლო და ანგარიშით 15:12 იმარჯვა.
სამხრეთ კორეელი სპორტსმენი მიმდინარე ოლიმპიადის ფავორიტი იყო, შესაბამისად, ბაზაძემ აღნიშნული გამარჯვებით ოლიმპიური ოქროსკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
სანდროს მეტოქე ნახევარფინალურ ეტაპზე უნგრელი მოფარიკავე არონ სილადი იქნება.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.