თბილისის მერია ჩამოხსნის „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატებს

პლაკატები „ნაცმოძრაობის“ ლიდერების გამოსახულებით წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ ქალაქის სხვადასხვა უბანში შაბათს გაჩნდა.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია ჩამოხსნის დედაქალაქის ქუჩებში გაკრულ სააგიტაციო პლაკატებს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნიკა მელია თბილისის მერობის, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია
პლაკატები „ნაცმოძრაობის“ ლიდერების გამოსახულებით წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“ ქალაქის სხვადასხვა უბანში შაბათს გაჩნდა.
„დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა. აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს „თბილსერვის ჯგუფი“,– აცხადებენ მერიაში.
მერიის ინფორმაციით, კანონდამრღვევთა მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები იქნება გამოყენებული.
თბილისსა და სხვა ქალაქებში პლაკატების გაკვრა კედლებსა და ღობეებზე აკრძალულია. წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ თითოეული ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის მერია პლაკატებისა და ბანერების განთავსებისთვის სპეციალურ ადგილებს გამოყოფს.
წელს წინასაარჩევნო კამპანია აგვისტოს დასაწყისში დაიწყება. 2 ოქტომბერს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. თბილისში მერის პოსტზე იბრძოლებენ მოქმედი მერი კახა კალაძე და „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. დანარჩენი კანდიდატების ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.