ხობის სოფლებში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტში მერიის თანამშრომლები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა, იუწყება „პირველი არხი“.
სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ძლიერმა წვიმამ შიდა სასოფლო გზები დააზიანა. 
ბათუმში კოკისპირული წვიმის შედეგად რამდენიმე სახლი დაიტბორა
ამ დროისათვის სოფლებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის.
გარდა ამისა, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისი–ზუგდიდის ცენტრალურ გზაზე დროებით შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.
საქართველოში ცხელი ამინდების შემდეგ ჰაერის ტემპერატურამ მკვეთრად დაიკლო და დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში უხვი ნალექი მოვიდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმები და ქარი 24 ივლისამდე გაგრძელდება.