რა იგეგმება ქვეყანაში წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ქვეყნის რეგიონების წყალმომარაგება მთავარ გამოწვევად და ამავდროულად მთავარ პრიორიტეტად რჩება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.
„ძლიერი სოფელი – ძლიერი საქართველო“: ღარიბაშვილი მთავრობის ამბიციურ გეგმებზე>>
ირაკლი ქარსელაძის თქმით, წყალმომარაგება–წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას 10 წელიწადში 9 მილიარდი ლარი მოხმარდება, მაშინ, როდესაც 2012 წელს სექტორის დაფინანსება მხოლოდ 34 მილიონი იყო, 2021 წელს კი უკვე 348 მილიონი ლარია.
„წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სამუშაოებს აქტიურად ვაგრძელებთ, რის შედეგადაც მალე 360.000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება 150 დასახლებაში, მათ შორის – თელავში, დედოფლისწყაროში, ზესტაფონში, ცხვარიჭამიაში, ბულაჩაურში, ტყიბულში, ვალეში, მანგლისში და სხვა დასახლებებში, რომელთაგან 200.000-ს საერთოდ არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის განცხადებით, 2025 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქის 24-საათიანი, სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა იგეგმება, ხოლო 2030 წლისთვის უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება სრულიად ხელმისაწვდომი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება.
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება – რას გეგმავს მთავრობა უახლოეს ათ წელიწადში
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი სტანდარტების დაცვა, ამ მიმართულებით გათვალისწინებულია ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, პერსონალის გადამზადება და სასმელი წყლის ხარისხის შესაბამისი კონტროლი.
„რაც შეეხება წყალარინებს, აქ ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ თანამედროვე სისტემების განვითარება და ცენტრალიზებული, სტანდარტის შესაბამისი გაწმენდის უზრუნველყოფა, არამედ ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაცაა“, – აღნიშნა ქარსელაძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით სამაგალითოა 2019-2021 წლებში ევროპული სტანდარტით აშენებული 5 გამწმენდი ნაგებობა ურეკში, ზუგდიდში, ანაკლიაში, თელავსა და წყალტუბოში. ასეთივე ნაგებობების მშენებლობა გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ინფრასტრუქტურა და ახალი გზები კახეთში – მთავრობის გეგმები>>
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ. პრეზენტაციები უკვე გამართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და თავდაცვის მინისტრებმა.