თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნა „ახალ ეროვნულ სტადიონზე“.
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი გამოვა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მედროშეები მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე და ძალოსანი ლაშა ტალახაძე არიან. რაც შეეხება საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს, იქ მედროშე მოფარიკავე ირმა ხეცურიანია.
სპორტული ღონისძიებები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ხვალიდან დაიწყება. ოლიმპიადის პირველ დღეს რამდენიმე ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ. 24 ივლისს ძიუდოში საქართველოს მსუბუქ წონაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი წარმოადგენს. ფარიკაობაში საკუთარ ძალებს მოსინჯავს სანდრო ბაზაძე, რომელიც ოლიმპიადაზე უკვე მეორედ წარდგება. ქართველი გულშემატკივარი ასევე იხილავს საქართველოს პირველი ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ეტაპის შეხვედრას. ხვალ იასპარეზებენ ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილიც.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წინა წლის ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ტურნირი გადადეს.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოში სპორტული შეჯიბრებები 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ოლიმპიადაში მსოფლიოს 206 ქვეყნის 12,5 ათასი სპორტსმენი მონაწილეობს. პროგრამაში წარმოდგენილია სპორტის 33 სახეობა, რომლებშიც 339 ოლიმპიური მედალი გათამაშდება.