როდის განახლდება სწავლის პროცესი სკოლებში – რას ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით ეპიდემიოლოგები მასწავლებლებსა და სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე სხვა პირებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებენ.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. სექტემბრიდან სასკოლო პროცესი კლასებში განახლდება, განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ფხაკაძე: გადადეთ სწავლის დაწყება სკოლებში ოქტომბრამდე
მისი განცხადებით, სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით აგვისტოში პედაგოგების ვაქცინაციაზე აქტიურად იმუშავებენ.
„სასკოლო გარემო ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოდ უნდა შეხვდეს. ანუ ჩვენ აგვისტოს თვეში ვიმუშავებთ, რომ პედაგოგების და სხვა პერსონალის ვაქცინაცია იყოს სრული“, – განაცხადა გაბუნიამ.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოს მთავრობამ სკოლის მოსწავლეების დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ეპიდვითარების გაუმჯობესების შემდეგ კი შერეული მოდელი დაუშვა – მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის როგორც დისტანციური, ისე საკლასო ოთახში დასწრების მეთოდი.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი, როგორც წესი, 15 სექტემბერს იწყება.
ჯანდაცვის სამინისტრო პედაგოგებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
ქვეყანაში ბოლო დროს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ვრცელდება ე.წ. ინდური შტამი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებში ცირკულირებს.
სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო. მათი აზრით, ეს კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოიწვია. შეზღუდვების ხელახლა დაწესების თავიდან აცილების ერთადერთი გზა აქტიური ვაქცინაციაა, აღნიშნავენ სპეციალისტები. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველო კიდევ ერთ „ლოკდაუნს" ვეღარ გადაიტანს.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 391.781 ადამიანი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 პირი.