თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა არ იქნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
ბოლო თვეებში საქართველოს ეკონომიკაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს. აპრილში რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – 45%. წლის დასაწყისიდან კი, ხუთ თვეში ამ მაჩვენებელმა 11,5% შეადგინა. ეს პოზიტიური დინამიკა რომ გაგრძელდეს, ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.
„მთავარია ჩვენი მოქალაქეების სურვილი და ჩართულობა, რომ მივაღწიოთ 60%-იან მოცვას. ეს კი მოგვცემს გარანტიას, რომ დამატებითი რისკები იყოს ძალიან მცირე, აღარ იქნება საჭირო მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკის აღდგენას შეუშლის ხელს და ჩვენს ფისკალურ პარამეტრებზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა კაკაურიძემ პარლამენტში.
კაკაურიძის თქმით, ქვეყანა აქტიური ვაქცინაციისთვის მზადაა. ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს დღეში 20 ათასი ადამიანის აცრა შეუძლია. ბიუჯეტში ვაქცინაციაზე 150 მლნ ლარია გათვლილი, რაც მთლიანად ფარავს მიზნობრივ მაჩვენებელს, აღნიშნა მინისტრმა.
მისი განცხადებით, საუბარია დაახლოებით 3,8 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვაზე. გარდა ამისა, გარკვეულ რაოდენობას ქვეყანა გრანტის სახით მიიღებს. ეს რაოდენობა მოსახლეობის 60%-ის აცრას ეყოფა.
ამჟამად ვაქცინაციის პროცესი საქართველოში საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია პრეპარატები: AstraZeneca, Pfizer, Sinopharm და Sinovac.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში აცრილია 374.685 ადამიანი (მოსახლეობის 10%), აქედან სრულად, ანუ ორი დოზით ვაქცინირებულია 133.648 მოქალაქე (3,6%).
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მორიგ „ლოკდაუნს“ ქვეყანა ვეღარ გადაიტანს, ხოლო მშპ-ის ზრდის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება მხოლოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
ზაფხულის დასაწყისში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, მაისისა და ივნისის პოზიტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6,5-დან 7,7%-მდე გადახედა.