თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზატორების გამოვლენაზე მუშაობა რთული პროცესია და პოლიცია ამისათვის ყველაფერს აკეთებს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
5 ივლისს ლგბტ-თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი „ღირსების მარში“ ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების ქმედებების გამო ჩაიშალა. მარშის ჩაშლის შემდეგ მათ მთელი აგრესია გადაიტანეს ჟურნალისტებზე, რომლებსაც სცემდნენ და თავს ესხმოდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო.
მინისტრის განცხადებით, ორგანიზატორების გამოვლენის მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება), 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა), 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლებით (დევნა).
„გამოძიება, პირველ რიგში, იწყება შემსრულებლებიდან და შემდეგ მიდის ზევით. წესი ასეთია. ამ მუხლებით ჩვენ 18 ადამიანს ჩხრეკა ჩავუტარეთ, ამოვიღეთ ძალიან ბევრი მასალა, მათ შორის ტექნიკა. დავკითხეთ ეს ხალხი, კიდევ ვაგრძელებთ დაკითხვებს, ვმუშაობთ“, – განაცხადა გომელაურმა Rustavi2-ის ეთერში.
მისი თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს და პროკურატურას გამოძიებისთვის დრო სჭირდება.
„დაკითხვაზე იყო თითქმის ყველა ადამიანი, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებდა და გამოძიება მიმდინარეობს... შეიძლება ხუთჯერ და ათჯერ დაიბარო ადამიანი და ასევე ერთხელ დაიბარო და აღარ გამოუშვა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა ორგანიზაციების ხელმძღვანელების ჩხრეკისას ამოღებული მასალები უნდა შეისწავლოს პროკურატურამ, რათა დაადგინოს, შეიცავს თუ არა ეს მასალები დანაშაულის ნიშნებს.