თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურაში ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
გუშინ წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ რეგიონულ ჟურნალისტს ემა გოგოხიას, რომელიც მისგან კომენტარის მიღებას ცდილობდა, მიკროფონი წაართვა.
ინციდენტი სენაკის თეატრის განახლებული შენობის გახსნაზე მოხდა, რომლის რემონტიც ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. მინისტრმა ფაქტობრივად მიითვისა მიკროფონი და განაცხადა, რომ ამიერიდან „ქართული ოცნების“ ყველა ღონისძიებასა და პრეზენტაციაზე იგი აღნიშნული მიკროფონით გამოჩნდება.
„ის, რაც გუშინ მან გააკეთა, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა – მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მიკროფონი მოპარა. ეს სხვისი ქონების მითვისებაა. მან (წულუკიანმა) ფაქტობრივად ქურდობა ჩაიდინა და ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალა“, – განაცხადა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას თქმით, პირველი ვიცე-პრემიერის მხრიდან მსგავსი მოქმედება „არის მორიგი თავდასხმის ინსპირაცია ჟურნალისტებზე, ძალადობის მორიგი ტალღის ღიად, პირდაპირ და აბსოლუტურად ცინიკურად წახალისება“.
„ეს სასაცილო არ არის. ეს ძალზე სახიფათო ფაქტი და პირდაპირი სიგნალია – დიახ, იწყება მედიაზე ძალადობის ახალი ტალღა“, – აღნიშნა გვარამიამ.
მისი თქმით, პროკურატურაში სარჩელთან ერთად ასევე წარადგინეს წულუკიანის კანონსაწინააღმდეგო ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, მთავრობის წევრის მხრიდან ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის კადრები.