გამყრელიძე: დამსაქმებლებმა ვაქცინირებული თანამშრომლები უნდა წაახალისონ

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დამსაქმებლების მხრიდან აცრების წახალისება მიღებული პრაქტიკაა, რაც ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესს უფრო აქტიურს გახდის.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან, დამსაქმებლებმა უნდა წაახალისონ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძის აზრით, აუცილებელია აცრის შემდეგ დამსაქმებლებმა თანამშრომლები ერთი ან ორი დღით დაასვენონ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამდიდრდების შანსი, ანუ ვაქცინაციის წახალისების ორიგინალური ხერხი
„მიღებული პრაქტიკაა თანამშრომელთა წამახალისებელი ღონისძიებები. ეს მხოლოდ რეკომენდაციებია, ამიტომ დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ. ჩვენ ვთხოვთ დამსაქმებლებს, მეტად წაახალისონ აცრები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნულ პრაქტიკას უკვე მიმართავენ, შედეგად – ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% უკვე აცრილია, ხოლო აგვისტოს ბოლოსთვის, სავარაუდოდ, თანამშრომელთა 80-85 პროცენტი იქნება აცრილი.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ამ დროისთვის სულ აცრილია 391.781 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 136.734 ადამიანი.