უეფას „კონფერენს ლიგა“: თბილისის „დინამო“ შინ „მაკაბისთან“ დამარცხდა

მასპინძლებმა გოლის გატანა თამაშის ბოლო წუთებზე შეძლეს და ამით ევროთასზე მიმდინარე დაპირისპირებაში ინტრიგა დატოვეს.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. თბილისის „დინამო“ უეფას „კონფერენს ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე ისრაელის „მაკაბისთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
სტუმრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მერვე წუთზე დაწინაურება შეძლეს. მას შემდეგ, რაც „დინამოს“ მცველებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ მოახერხეს, ომერ აცილიმ დრო იხელთა და ომარ მიგინეიშვილის კარი აიღო.
ქართული საფეხბურთო კლუბები ევროასპარეზზე და გაუგებრობა ჩოგბურთის ფედერაციაში
შესვენების შემდეგ სტუმრებმა ინიციატივა „დინამოელებს“ დაუთმეს, მაგრამ კახა ცხადაძის აღსაზრდელებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს. მეტიც, 66-ე წუთზე, ჩვენი დაცვის მორიგი შეცდომის შემდეგ „მაკაბიმ“ უპირატესობა გააორმაგა. გოლი დენ დევიდმა გაიტანა.
მაგრამ მასპინძლებმა ჩამორჩენის შემცირება ერთ გოლამდე მაინც შეძლეს. 89-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ თავი გიორგი პაპავამ ისახელა, რითიც მეტოქეთა დაპირისპირებაში ინტრიგა შეინარჩუნა.
კლუბებს შორის საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ისრაელში გაიმართება.