თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე თვითმკვლელობის აღკვეთის მიზნით სპეცოპერაცია ჩატარდა.
ინფორმაცია ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მრავალსართულიანი სახლის მეორე სართულიდან გადახტომით იმუქრებოდა. მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს და ის გადახტა.
თუმცა დაცემისას მან უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შსს ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
ინციდენტის დეტალებზე ინფორმაციას ტელეარხი „მთავარი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდამ ბინის კარი ჩაკეტა და არავის უშვებდა შიგნით. ამასობაში პოლიციამ სახლთან გასაბერი ლეიბი მიიტანა და ასე შეძლო ახალგაზრდის გადარჩენა.
ეს ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ღამით მომხდარი მკვლელობის მონაწილეა, როდესაც ბათუმის ძველ ბულვარში ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის წევრი სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.