საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი დააწესეს

პარლამენტში, სადაც რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, არ შეუშვეს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუ რატომ, ეს სპიკერმა კახა კუჭავამ განმარტა.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის გამოსვლა პარლამენტში ჩაიშალა
ეს განცხადება კუჭავამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციური ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ მოითხოვა განემარტათ, რატომ არ უშვებენ პარლამენტის შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც საშვები ჰქონდათ. ჯაფარიძის თქმით, მათ პარლამენტში პრესკონფერენციის ჩატარება სურდათ.
„რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საშვი ითხოვა. მათ მივეცით, მაგრამ კვლავ არ უშვებენ. თუ ეს უსაფრთხოების ზომების გამო ხდება, მაშინ წინასწარ გვითხარით, რომ ამ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოშვება არ შეიძლება, რადგან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან. არ შეიძლება ადამიანების ასე უსაფუძვლოდ შეზღუდვა“, – მიმართა ჯაფარიძემ კუჭავას.
პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მომავალში პარლამენტში საგანგებო რეჟიმის დაწესების შესახებ წინასწარ გახდება ცნობილი.
„ნახეთ ბოლო რიგგარეშე სხდომა როგორ წარიმართა. ერთ-ერთი სხდომა ჩაიშალა კიდეც. სწორედ წესრიგია მთავარი, რაც მე უნდა უზრუნველვყო. მოქმედებს უსაფრთხოების რეჟიმი იმისთვის, რომ პარლამენტის მუშაობას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა კუჭავამ.
ტრიბუნისათვის ბრძოლა პარლამენტში: ოპოზიციამ სხდომა ჩაშალა – ვიდეო
კვირას პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლა ჩაიშალა. როგორც კი მან თავისი გამოსვლა დაიწყო „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო სამძიმრის სიტყვებით, ტრიბუნასთან ოპოზიციონერი დეპუტატები მივიდნენ ოპერატორის ფოტოებით ხელში და ტრიბუნის წინ განლაგდნენ. ამის გამო მათსა და მმართველი პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებს შორის შეხლა–შემოხლა გაიმართა.
ჟურნალისტებმა, თავის მხრივ, აივანზე გამოფინეს ბანერები წარწერებით: „დასაჯეთ დამნაშავეები“ და „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“. საბოლოოდ ეს სხდომა ჩაიშალა.