ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

მოოქროვილი კედლები და უნიტაზიც კი: ქვეყნდება ვიდეო გუშინ დაკავებული მაღალჩინოსნის სახლიდან

პოლიციის მაღალჩინოსნის სახლში, რომელიც სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ფული, მოოქროვილი კედლები და უნიტაზიც კი.
Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სტავროპოლის მხარის სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილი შეფის ალექსეი საფონოვის მოოქროვილი სახლია აღბეჭდილი.
საფონოვი და მისი 35 ხელქვეითი გუშინ დააკავეს პოლიციისა და როსგვარდიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად.
გამოძიების მონაცემებით, ავტოინსპექციის შეფი ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ გასცემდნენ საშვებს მარცვლეულისა და ინერტული მასალების უკანონო გადაზიდვებზე. სულ ჯგუფის წევრებს 19 მილიონი რუბლი აქვთ ნაშოვნი ამ გზით.
სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლითაა დაწყებული. ალექსეი საფონოვს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და დიდი ფულადი ჯარიმის დაკისრება ემუქრება, რომელიც აღებულ ქრთამს 70-ჯერ აღემატება (დაახლოებით 1.003 მლნ რუბლი). ამას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მეექვსე ნაწილი ითვალისწინებს.