თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, მარნეულის რაიონის სოფელ ზემო სარალში აღნიშნული პირები შურისძიების მიზნით შეიჭრნენ მკვლელობაში ბრალდებულის სახლში, სცემეს მისი მამა და ორი ავტომობილი დააზიანეს.
რაც შეეხება მკვლელობას, იგი წუხელ მოხდა. შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. გარდა ამისა, იგი ყოფილი ცოლის დედისა და ძმის მკვლელობასაც შეეცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ორი თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, მკვლელობის მოტივიც ამასთან დაკავშირებული კონფლიქტი გახდა.
სასტიკი მკვლელობის ფაქტის შემდეგ გარდაცვლილთა ახლობლები ბრალდებულის ოჯახში შეიჭრნენ შურისძიების მიზნით.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.