თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „TV პირველის“ და „რუსთავი 2“-ის ოპერატორების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთაგან ერთ-ერთი, 21 წლის მამაკაცი 19 ივლისს, ხოლო მეორე – 66 წლის მამაკაცი 20 ივლისს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს 21 წლის მამაკაცი რადიკალური დაჯგუფებების სხვა წევრებთან ერთად ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით თავს დაესხა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორს, 66 წლის მამაკაცს კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორზე თავდასხმა ედება ბრალად.
პროკურატორურის ცნობით, ბრალდებულები და მათთან ერთად მყოფი პირები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ ოპერატორებს, რათა დაზარალებულების მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
ორივე დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით („ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით"), 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით („ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით") და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით („ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა") წარედგინა, რაც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის ბრალი 27 პირს აქვს წარდგენილი. საქმეზე დაზარალებულად კი ცნობილია 52 პირი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის" ჩატარებისთვის ხელის შეშლას. საბოლოოდ მათ მიზანს მიაღწიეს და „ღირსების მარში" გაუქმდა. თუმცა ამან კონტრაქციის მონაწილეები ვერ დააშოშმინა.
შედეგად ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობებში გადაიზარდა. მისი მონაწილეები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ და მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტებმა რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისები დაარბიეს. შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს თავდასხმის მსხვერპლი გახდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.