თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. დღეში მინიმუმ 20–30 ათასი ადამიანის ვაქცინაციაა საჭირო, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი არ შეფერხდეს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
„ყველას მოვუწოდებ, არ უგულებელყოს შესაძლებლობა, რომ თვითონაც დაიცვას თავი, დაიცვას ოჯახის წევრები, მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც „დელტა“ შტამი განსაკუთრებით ერჩის, და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი რთულია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციებია ეკონომიკის აღდგენის კუთხით და შესაძლოა 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდითაც კი დასრულდეს. და ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს – პანდემიაა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას მარტო ძალიან გაუჭირდება ვაქცინაციის მაღალი ტემპების უზრუნველყოფა, თუ მას არ ექნება საზოგადოების მხარდაჭერა.
„ჩვენ უზრუნველვყავით ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, იხსნება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, არის ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ვაქცინაცია შეუფერხებლად ჩატარდეს. ასევე ვმუშაობთ მსხვილ დამსაქმებლებთან, ბანკებთან, ინდუსტრიულ კომპანიებთან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი აქტია, პირველ რიგში თვითშეგნებას საჭიროებს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ჩატარდა 368.179 აცრა. სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 132.207 ადამიანი.