თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით რვა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სპეცოპერაცია თბილისსა და მარნეულში ჩატარდა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულთა შორის არიან „ქურდულ სამყაროში“ ცნობილი პირები „პალიკო“, „მუხო“, „ჯამა“, „ლაპუხა“ და სხვა პირები.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქეს ერთ-ერთ დაკავებულთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა. სადავო საკითხის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით დაკავებული „ქურდული სამყაროს" წევრებს და სხვა ბრალდებულებს დაუკავშირდა. აღნიშნულმა პირებმა საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ მას დახმარება აღუთქვეს.
ბრალდებულებმა მიმდინარე წლის აპრილსა და მარტში თბილისის ერთ-ერთ რაიონში „ქურდული სხადნიაკი“ მოაწყვეს.
დავის „ქურდული წესით“ გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან სადავო თანხას – 26 ათას აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა „ქურდულ გაგებას“ არ შეესაბამებოდა.
პოლიციამ დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.