თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ორსულობა განეკუთვნება ჯანმრთელობის იმ მდგომარეობას, როდესაც COVID-19-ის რთული ფორმის რისკები გაზრდილია, შესაბამისად, რეკომენდებულია ვაქცინაცია, ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა განახლებულ რეკომენდაცებში.
ამასთან, ექსპერტების თქმით, მეძუძურ დედებს შეუძლიათ ვაქცინაციის შემდეგ ჩვილების კვება განაგრძონ.
ჯანმოს სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ჩართონ ორსული ქალები პრიორიტეტული ვაქცინაციის მეორე ჯგუფში, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში საქმე ეხება არა მარტო თავად დედის, არამედ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობასაც. მანამდე ამ ჯგუფს ტესტირებისა და ვაქცინების განაწილების დროს სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა. მაგრამ, როგორც არსებული მონაცემები მოწმობს, კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალებში დაავადების რთულად განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე რეპროდუქციული ასაკის არაფეხმძიმე ქალებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ის ვაქცინა, რომლებიც ამ დროისათვის ჯანმოს მიერ არის აღიარებული საგანგებო გამოყენებისთვის, მაკე ცხოველებზე გამოიცადა. საზიანო ეფექტი არცერთ მათგანს არ გამოუვლენია არც დედისა და არც ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
გარდა ამისა, ექსპერტები ზოგი მოკლევადიანი კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მეძუძური დედის COVID-19-ზე აცრის შემთხვევაში ვაქცინის დაცვითი ეფექტი შესაძლოა დედიდან ბავშვს გადაეცეს. შესაბამისად, ჯანმო არ იძლევა ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის რეკომენდაციას დედის ვაქცინაციის გამო.