საით მიდის ლარი – ექსპერტის პროგნოზი

გააგრძელებს თუ არა გამყარებას ლარი და რა ნიშნულზე შეიძლება ვიხილოთ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტა უახლოეს მომავალში, „Sputnik–საქართველოს“ თავის მოსაზრებას უზიარებს ეკონომიკის დოქტორი ნიკა შენგელია.
Sputnik
საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარებას გააგრძელებს და უახლოეს ორ-სამ კვირაში შესაძლოა 3,04 GEL/$1 ნიშნულზეც კი აღმოჩნდეს, მიაჩნია ეკონომიკის დოქტორ ნიკა შენგელიას.
19 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,12 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 
როგორც ნიკა შენგელია განმარტავს, ამ ეტაპზე ლარის გამყარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უცხოეთიდან შემოსული ფულადი გადმორიცხვების ნაკადების ზრდა.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 19,3%-ით გაიზარდა და 201,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რამდენი ვისესხეთ, რისთვის და რამდენ პროცენტში?..
„ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული ვალუტის 60 პროცენტი მაშინვე სავალუტო ბაზარზე ხვდება და ლარში ხურდავდება, შედეგად – იზრდება ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდის მიზეზი იმ ქვეყნებში არსებული ვითარების გაუმჯობესებაა, საიდანაც ფულის ელექტრონულად გადმორიცხვა ხორციელდება და ასევე საქართველოს მთავრობის მიერ სამშენებლო სექტორის დახმარების მიზნით გამოცხადებული იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების პროგრამები. სწორედ უძრავი ქონების ბაზარზე მიდის ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულის 40 პროცენტი, მიაჩნია ნიკა შენგელიას.
ივნისში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 39,08 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,36%-ია. 2021 წლის ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 19,98%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
ბიზნეს-ასოციაცია: ხუთი მიზეზი, რაც ბიზნესს ხელს უშლის
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას რამდენჯერმე დაუთმო. 
ნიკა შენგელიას ვარაუდით, ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული ფულადი ნაკადის მოცულობის კლება მომავალ თვეებშიც არ არის მოსალოდნელი, შესაბამისად, არც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას ემუქრება საფრთხე.
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ემიგრანტების მხრიდან გაზრდილი ტრანზაქციებისა, ამ ეტაპზე ქართული ვალუტის გამყარებაზე ასევე დადებითად მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება და ექსპორტის ზრდის მაჩვენებლები“, – თქვა ეკონომისტმა.
მიმდინარე წლის 27 აპრილს ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 3,4534 GEL/$1 ნიშნულზე იყო. 2020 წელს ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი კი 3,4842 GEL/$1 იყო. ის 27 მარტს დაფიქსირდა.
ნატა პატარაია