თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა დედაქალაქის თავმა კახა კალაძემ თავისი სანუკვარი ოცნება გაამხილა – მას პოლიტიკაში საკუთარი კვალის დატოვება სურს.
„ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის, არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე – როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაში შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არც ერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით განვაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას“, – განაცხადა კალაძემ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე დღეს ხელმეორედ დაასახელა.
„მეორე ვადით მერობის კანდიდატად ჩემი წარდგენით თქვენ მომეცით, ერთი მხრივ, საშუალება დაწყებული რეფორმები თავად გავაგრძელო და, მეორე მხრივ, ამ ძირითად მიმართულებას – სიცოცხლით სავსე ქალაქს მოვარგოთ ახალი პროექტი – სიცოცხლით გავავსოთ თითოეული თბილისური უბანი თუ ეზო“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის აზრით, როდესაც 2017 წელს მმართველმა პარტიამ ის თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა, მის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო.
„დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი არის უფრო მწვანე, უფრო ლამაზი, უფრო ჯანსაღი და თანამედროვე ქალაქი, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ და ეს, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით!“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, თბილისს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს დასაძლევი, ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს.
„თვითკმაყოფილი ნამდვილად ვერასდროს ვიქნები, ვიდრე სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება და სანამ თუნდაც ერთ ადამიანს დასჭირდება ჩვენი და პირადად ჩემი დახმარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძე გახდა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პირველი ოფიციალურად წარდგენილი კანდიდატი.
2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ქალაქების მერებს და ადგილობრივი საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.