კოვიდ-გადატანილებისთვის ვაქცინაციის ვადა იცვლება

ეპიდსიტუაციის გაურესების გამო საქართველოში პანდემიის შესაკავებლად ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო – ქვეყანაში შეიძლება ახალი შეზღუდვები დაწესდეს, ხოლო მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ვინც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანა, ისინი აცრას შეძლებენ ინფიცირებიდან არა 120, არამედ 30 დღის შემდეგ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
„მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღეა დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და შემცირდება 30 დღემდე. ამიტომ ყველა შეძლებს უფრო სწრაფად აიცრას. სავარაუდოდ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო შეიძლება გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს, კერძოდ, აუცილებელი გახდეს პირბადის ტარება ღია სივრცეშიც, სადაც ადამიანები არიან თავშეყრილი.
გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო კოვიდ-რეგულაციების გამკაცრებაზე იმსჯელებს
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემილოგიურ ვითარებას განსაზღვრავს. გამყრელიძის განმარტებით, ჯონს ჰოპკინსის რუკის მიხედვით, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის საფუძველია და ქვეყანამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს.
ამჟამად საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
იმნაძე: მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ეს ქორწილები და ქელეხები
ასევე ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზეა შესაძლებელი. აკრძალულია ბანაკის ტიპის შეკრებები. გარდა ამისა, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR–ტესტირების საფუძველზე.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2.616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასეთი მაღალი მონაცემი ამ წელს ჯერ არ დაფიქსირებულა. პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოში ინფიცირების 390.945 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 367.130 ადამიანი, გარდაიცვალა 5.592 პაციენტი.