ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურბან-ბაირამს უწოდა სიყვარულის, ქველმოქმედების, თანადგომისა და სიკეთის გამარჯვების დიდი დღესასწაული.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურბან-ბაირამს უწოდა სიყვარულის, ქველმოქმედების, თანადგომისა და სიკეთის გამარჯვების დიდი დღესასწაული.
„საქართველოს მუსლიმ თემს – ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური შრომით და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებაში. ვუერთდები თქვენს ზეიმს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
ყურბან-ბაირამს ან მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს - მუსლიმების ერთ-ერთ მთავარ დღეობას, ისლამური კალენდრით ზულ-ჰიჯის თვის მეათე დღეს ზეიმობენ.
როგორ აღინიშნება ყურბან-ბაირამი სხვადასხვა ქვეყანაში – ფოტო
ყურბან-ბაირამი - მექაში მუსლიმთა ყოველწლიური მომლოცველობის დასკვნითი ნაწილი, გრიგორიანული კალენდრით 2021 წელს მუსლიმური ქვეყნების დიდ ნაწილში 20 ივლისს დაიწყო, მაგრამ მის აღნიშვნას მუსლიმები წინა დღით მზის ჩასვლისთანავე იწყებენ.
ისლამური ტრადიციის თანახმად, დღესასწაულის აღსანიშნავად თითოეულმა მუსლიმმა მსხვერპლად ცხვარი, ძროხა ან სხვა პირუტყვი უნდა შესწიროს. ეს რიტუალი დღესასწაულის დასრულებამდე გრძელდება და სათავეს მსხვერპლშეწირვის ისტორიიდან იღებს, რაც სამივე მონოთეისტური რელიგიის — ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის წმიდა წერილებშია აღწერილი. უფალმა წინასწარმეტყველს, მისი რწმენის გამოსაცდელად, შვილის მსხვერპლად შეწირვა უბრძანა. როდესაც უზენაესი მის სიმტკიცეში დარწმუნდა, ბიჭის გათავისუფლება და მის ნაცვლად ცხვრის დაკვლის ნება დართო.