თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აშშ და გერმანია უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ იმ გარიგების შესახებ, რომელმაც რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებული დავა უნდა გადაჭრას, იუწყება სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ისა და გერმანიის ლიდერებმა ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა გასულ კვირაში შეხვედრისას ვერ შეძლეს გაზსადენის თაობაზე უთანხმოებების დარეგულირება, თუმცა შეთანხმდნენ, რომ მოსკოვს ენერგომატარებლების იარაღად გამოყენების უფლება არ უნდა მიეცეს.
ორი ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს აშშ-ის შფოთვები იმასთან დაკავშირებით, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, რომელიც ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია (აგებულია გაზსადენის 98%), გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და ამასთან შესაძლოა უკრაინა იმ სატრანზიტო მოსაკრებლის გარეშე დატოვოს, რასაც ქვეყანა ახლა იღებს რუსული გაზის საკუთარ ტერიტორიაზე გატარების სანაცვლოდ.
საბოლოოდ ისინი მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ საჯაროვდება. თუმცა, წყაროს ინფორმაციით, გარიგება იძლევა შანსს, რომ გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები აღარ განახლდეს.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება ისიც, რომ გარიგება ასევე მოიაზრებს ორივე მხარის ვალდებულებას – უზრუნველყონ ინვესტიციების გაზრდა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში, რათა ახალი გაზსადენისგან მიყენებული ნებისმიერი ზარალის კომპენსაცია მოხდეს.
„ყველაფერი კარგად გამოიყურება. ველოდებით, რომ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დასრულდება“, — განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ.
სხვა წყაროს თქმით, ორივე მხარე ახლოსაა შეთანხმებასთან, რომელიც ამერიკელი და უკრაინელი კანონმდებლების ყველა შეშფოთებას მოხსნის.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ ჩოლეტი კიევში უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ უკრაინა მხარს დაუჭერს გერმანიასთან მოსალოდნელ გარიგებას.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ერთ-ერთი სადავო თემაა ვაშინგტონისა და ბერლინის ურთიერთობებში. გერმანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ გაზსადენი უნდა დასრულდეს, ვინაიდან ეს ეკონომიკური პროექტია. იმავდროულად ბერლინი მოითხოვს, რომ უკრაინამ სატრანზიტო ქვეყნის როლი შეინარჩუნოს. ვაშინგტონი ეწინააღმდეგებოდა გაზსადენის მშენებლობას და ცდილობდა დაებლოკა პროექტი. რუსეთი ასევე აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ კომერციული პროექტია და პოლიტიკური მოტივაცია არ გააჩნია.