თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შიდა ავიარეისების სიხშირე ნატახტარი–მესტია–ნატახტარი და თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით იზრდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების განცხადებით, ავიარეისების სიხშირის გაზრდა მაღალმთიან სვანეთსა და აჭარის რეგიონში ტურისტების გაზრდილი რაოდენობითაა გამოწვეული.
ნატახტარი–მესტია–ნატახტარის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ხუთჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. თბილისი–ბათუმი–თბილისის რეისები კი კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს.
„მაღალმთიან რეგიონებსა და აჭარაში ტურიზმის ხელშეწყობისთვის მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფო შიდა რეისების სუბსიდირებას ახორციელებდა. ყოველვე ამას კოორდინაციას უწევს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. რამდენადაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ სეზონის განმავლობაში დადებითი ტენდენცია გვქონდა და ზაფხულის პერიოდში რეისების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ნატახტრიდან მესტიამდე თვითმფრინავით მგზავრობას 50 წუთი, თბილისიდან ბათუმამდე კი ერთი საათი სჭირდება. თბილისიდან ბათუმამდე ბილეთის ღირებულება 125 ლარს, ხოლო ნატახტარი–მესტიის რეისზე 90 ლარს შეადგენს.
საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, 1 თებერვლიდან აღადგინა.