საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

30 წლამდე ქალი კლინიკაში კორონავირუსის გართულებებით ერთი თვის წინ შეიყვანეს. ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში საკეისრო კვეთის შემდეგ კოვიდ-ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი კლინიკაში ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.
კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, 30 წლამდე ქალს საკეისრო კვეთა ნაადრევად, 36-ე კვირას ჩაუტარდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილის მდგომარეობა მძიმე რჩება
რაც შეეხება ახალშობილს, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. თავიდან ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება აღარ არის. ჯერჯერობით უცნობია, ახალშობილი კორონავირუსით ინფიცირებულია თუ არა. ექიმები ტესტის პასუხს ელოდებიან.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბავშვებს შორის კორონავირუსის 41 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 9%-ს შეადგენს. ამ დროისთვის ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მართვით სუნთქვაზე ორი ჩვილი ბავშვი იმყოფება, რომელთაგან ერთს ე.წ. ბრიტანული, მეორეს კი ინდური შტამი დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 387 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 365 ათასზე მეტი პაციენტი, გარდაიცვალა 5.551 ადამიანი.