თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ორგანიზაცია „დროას“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებული შადრევნის წყალი წითელი საღებავით შეღებეს.
აქტივისტების თქმით, წითელი ფერი არის სისხლიანი ხელისუფლების სიმბოლო. მათი თქმით, ამით ისინი აპროტესტებენ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მკვლელობას.
„ახლა ვუყურებთ გომელაურს, რომელიც კურდღელივით შეშინებულია. დეპუტატების ალყაში დგას და რეალურად არც პასუხები აქვს და არის მხდალი. და აქ ვუყურებთ მხდალ და შეშინებულ პოლიციელებს, რომლებმაც იციან რომ არიან დამნაშავეები მაგრამ მაინც უსინდისოდ წერენ ჯარიმას“, - განაცხადა მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
კანცელარიის შენობასთან მყოფმა პოლიციელებმა აქტივისტებს ჯარიმა დანაგვიანებისთვის გამოუწერეს. თავის მხრივ, დამრღვევებმა არ ჩაიბარეს ქვითარი და განაცხადეს, რომ საღებავის ცარიელი ქილები თავადვე ჩაალაგეს პარკში და არაფერი არ „დაუნაგვიანებიათ“.
პოლიციელებმა უკვე გამოწერილი ჯარიმის გასაჩივრება შესთავაზეს.
თბილისში არეულობები 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის" კვირეულის დასკვნით დღეს დაიწყო, რომელიც სექს-უმცირესობების უფლებების დამცველების მიერ იყო ორგანიზებული. ამ დღეს დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს სასტიკად გაუსწორდნენ. არეულობის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ.
კვირას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში უნდა გამოსულიყო და 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა. მაგრამ პლენარული სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
პარლამენტის სპიკერის, კახა კუჭავას თქმით, მინისტრის გამოსვლა გადაიდო იმის გამო, რომ ჟურნალისტებმა აივნიდან გადმოფინეს წითელი საღებავით შეღებილი ბანერები წარწერით „დასაჯეთ დამნაშავეები“ და „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“. ჟურნალისტებთან ავიდა „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა და ბანერის ჩამოხსნა სთხოვა, რაზეც ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს.
კუჭავამ აღნიშნა, რომ ჟურნალისტები უნდა იყონ დაკავებული სესიის გაშუქებით და არა ბანერების გადმოკიდებით.