თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. 2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში თევზის წარმოება წინა წელთან შედარებით 16%-ით შემცირდა და 2.071,5 ტონა შეადგინა, ნათქვამია კვლევაში, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ჩაატარა.
უწყების ინფორმაციით, 2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში ორაგულისებრთა წარმოება 1.155,2 ტონა იყო, რაც 13,8%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე. კობრისებრთა წარმოება 17,2%-ით შემცირდა და 838,4 ტონა შეადგინა. წინა პერიოდთან შედარებით 38.2%-ით შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება და 60,1 ტონით განისაზღვრა.
ხოლო ლოქოსებრთა წარმოება პირიქით გაიზარდა 22.4%-ით და 17.5 ტონით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ორაგულისებრთა წარმოებაში 98.1%-ით წარმოდგენილია ცისარტყელა კალმახი, კობრისებრთა წარმოებაში კი 42.9% მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 43% - თეთრი და ჭრელი სქელშუბლას და 13.6% - თეთრი ამურის წარმოებაზე.
2020 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს კახეთი, რომელზეც ქვეყანაში წარმოებული თევზის 32.2% მოდის, მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი - 31.4%-ით, ხოლო მესამე ადგილზეა გურია - 11.1%-ით.
2020 წლის ბოლოსათვის აკვაკულტურისათვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 14.7%-ით გაიზარდა და 2.929,7 ტონა შეადგინა.
აქედან კობრისებრთა ოჯახის წილი 60,2% იყო, ორაგულისებრთა ოჯახის - 26,1%, ზუთხისებრთა ოჯახის - 12,5%, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის - 1,2%.
2020 წელს 1კგ ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი (მწარმოებლის ფასი) 10,2 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის - 8 ლარი, თეთრი ამურის - 6,3 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 4,3 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის - 27,6 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს - 16 ლარი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსათვის, აკვაკულტურისათვის განკუთვნილი ტბორების ფართობმა 2,5 ათას ჰექტარს მიაღწია, რაც 1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო აუზების ფართობი წინა პერიოდთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 28.3 ჰექტარით განისაზღვრა.
2020 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ტბორების ყველაზე დიდი ნაწილი კახეთში მდებარეობდა - 1,6 ათასი ჰექტარი, სამეგრელო-ზემო სვანეთში ტბორების ფართობმა 476.9 ჰექტარი, იმერეთში 166.6 ჰექტარი, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამურად 186.6 ჰექტარი შეადგინა.