თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა“ გამარჯვებული გამოავლინა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.
გამარჯვებულია შპს Celestial DImension-ის პროექტი „ძლევაი საკვირველი“.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამინისტრომ დააფინანსა კომპიუტერული თამაშის პირველი ფაზა სრულყოფილი თამაშის შექმნის მიზნით. წლის ბოლომდე დასრულდება კომპიუტერული თამაშის პირველი ფაზა, ხოლო სრულყოფილ სახეს თამაში 2022 წლის გაზაფხულის ბოლოს მიიღებს.
კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 150 ათას ლარს და მოცემული კონკურსის ფარგლებში სამინისტროს ათმა განმცხადებელმა მომართა.
Celestial DImension საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც კომპიუტერული თამაშების პირველ გამომცემლობას საქართველოში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ბოლო დროს სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით უამრავი კონკურსი გამოაცხადა.