თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობისთვის ბრალდებულ კიდევ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, იუწყება „პირველი არხი“.
ამ ეტაპზე 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი 24 პირს წარედგინა. მათი უმრავლესობა სასამართლოს განაჩენს საპატიმროში ელოდება.
ტელეარხის ცნობით, ორივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს გირაოს შეფარდებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ საქმეში ბრალდებულების მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
გამოძიების ცნობით, 5 ივლისს ერთ-ერთი ბრალდებული „თბილისი პრაიდის" სხვა მოწინააღმდეგეებთან ერთად თავს დაესხა „TV პირველის" ოპერატორს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ისინი ჟურნალისტისგან მოითხოვდნენ – არ გადაეღო და არ გაევრცელებინა მათი აგრესიული მოქმედებების კადრები.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გამოძიების ცნობით, იმავე დღეს ის თავს დაესხა მოქალაქეს, რომელიც ლგბტ-თემის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე დროშით გადაადგილდებოდა, და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად დაზარალებულის დევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა განახორციელა.
პროკურატურამ ტელეოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალი სამი მუხლით წაუყენა – „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით", „ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით" და „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა".
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მას ბრალდება სსკ-ის 156-ე („ადამიანის დევნა სიტყვის და აზრის გამო, ჩადენილი ძალადობით") და 225-ე („ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა") მუხლებით წარედგინა.
რადიკალური დაჯგუფებების დაკავებულ წევრებს 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამ დღეს ხმაურიანი კონტრაქცია დილიდანვე დაიწყო, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ ღონისძიების ჩატარებისთვის და საწადელს მიაღწიეს კიდეც - „ღირსების მარში" გაუქმდა, თუმცა დაძაბული ვითარება ამით არ განმუხტულა.
საბოლოოდ სექს-უმცირესობების მოწინააღმდეგეთა აქცია არეულობაში გადაიზარდა - „ტრადიციული ფასეულობების მომხრეთა" მთელი აგრესია მედიასაშუალებების გადამღებ ჯგუფებს დაატყდა თავს, ისინი მათ სასტიკად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფებების წევრებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდისა" და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისები.
შსს-ს ცნობით, თბილისში დაახლოებით 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური მონაცემებით, ამ დღეს დაშავდა 55 ადამიანი, აქედან 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. მათ შორის იყო „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ცემიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.