თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 18 ივლისს ეწვევა და ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია კონფერენციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 19 ივლისს გაიხსნება, ასევე მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. საქართველოს კონფერენციაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები წარადგენენ.
საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ შერეული ფორმატით გაიმართება – ღონისძიებას მხოლოდ მთავარი სპიკერები დაესწრებიან, მონაწილეები კი ვირტუალურად შეძლებენ ღონისძიებაში მონაწილეობას.
კონფერენციის მთავარი თემა სამ ასოცირებულ პარტნიორთან – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.
კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, შარლ მიშელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან და მათთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების საკითხს განიხილავს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს მიმდინარე წლის აპრილში თბილისში მისი ვიზიტის დროს შესთავაზა საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების სამიტის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ უკრაინა და მოლდოვაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეთავაზებას დათანხმდა.