თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თბილისის ირაკლი ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი კვირის ახალშობილი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი".
კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, ჩვილი ბრიტანული „ალფა" შტამით იყო ინფიცირებული. იგი დაბადებიდან მეხუთე დღეს შეიყვანეს კლინიკაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ბავშვი მომენტალურად შეაერთეს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. 16 დღის განმავლობაში ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, მათმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.
„სამწუხაროდ, კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომელიც ჩვენთან ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა და ინფიცირებული იყო „ალფა" ბრიტანული შტამით, გარდაიცვალა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ორი ჩვილია მოთავსებული, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც დელტა, ანუ ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
„დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობაც არის უკიდურესად მძიმე. ერთ მათგანს ე.წ ბრიტანული შტამი დაუდგინდა, მეორეს კი ე.წ. ინდური შტამი. ორთავეს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.
ექიმების თქმით, ციციშვილის კლინიკაში ამ დრომდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ინფიცირებული ბავშვების ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება ყოფილიყო საჭირო. კლინიკაში სულ 122 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 67 ბავშვია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 30 ათასმა ბავშვმა გადაიტანა.