თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. არსებობდა წინასწარი დასკვნა, რომ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სისტემები ვერ უძლებს დატვირთვას და ვაქცინაზე რეგისტრაცია ფერხდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.
Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გუშინ, 14 ივლისს, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რეგისტრაცია ვერ შეძლო. ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციის სარეგისტრაციო სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზი მაღალი მიმართვიანობით იყო გამოწვეული.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველა იმ კიბერშეტევიდან გამომდინარე, რომელიც წინა პერიოდში ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ განხორციელდა, IT სამსახურები ყველა პრობლემის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაზე მარტიდან მუშაობენ, თუმცა ხარვეზი კვლავ განმეორდა.
„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იღებს პასუხისმგებლობას. მეც და ჩემმა მოადგილემაც გუშინ ბოდიში მოვიხადეთ შექმნილი უხერხულობის გამო. IT სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე და ველოდი, რომ გაფართოებული გუნდური მუშაობით ისინი სისტემის უკეთ მართვას შეძლებდნენ“, - აღნიშნა მინისტრმა.
ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პროცესში ჩართულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ის უწყება, რომელსაც გააჩნია კომპეტენცია IT უსაფრთხოების მიმართულებით. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა აღმოიფხვრება და მოქალაქეებს მომავალში მსგავსი შეფერხება აღარ შეექმნებათ.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 324.802 ადამიანი, აქედან სრულად (ორჯერადად) აცრილია 123.848 მოქალაქე.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.398 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 382 ათასს გადააჭარბა.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქე უნდა ეწვიოს ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკოს ნომერზე 1522.