თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. რეანიმაციულ განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, წინა კვირებთან შედარებით გაზრდილია არამხოლოდ მიმართვიანობა, არამედ მძიმე პაციენტების რაოდენობა.
„2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე არ ყოფილა ასეთი ნაკადი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არც ბავშვები ყოფილან ხელოვნურ ვენტილაციაზე, ასე რომ, ამ მხრივ მდგომარეობა, ჯერჯერობით, მძიმეა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ჩხაიძე ასევე მოსახლეობას მოუწოდებს, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რაც ერთადერთი საშუალებაა, რომ ბავშვების ინფიცირების შემთხვევები თავიდან აიცილონ.
„ერთადერთი შესაძლებლობა, მშობლებმა აიცილონ ბავშვის ინფიცირება, არის ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია. ეს არ არის საბავშვო ბაღში, სკოლაში მიღებული ინფექცია. ეს არის ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფექცია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე განცხადებით, თუ ინფიცირების შემთხვევების მატება არ შეჩერდა და კიდევ უფრო გაიზარდა, გამოსავალი პირბადის ტარების ვალდებულების დაბრუნება იქნება.
დღესვე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 300 ბავშვი მკურნალობს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ემზადება აგვისტოსთვის, როდესაც, სავარაუდოდ, ინდური შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულს და ინფიცირების აფეთქებას გამოიწვევს, მათ შორის ბავშვებში.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა უკვე დაიწყო, ამასთან, იმატებს ე.წ. ინდური („დელტა"), უფრო აგრესიული შტამის შემთხვევები.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო ადვილად აზიანებს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს.
დღესდღეობით საქართველოში თითქმის ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ სამი რეკომენდაციით წარდგა – ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, ტესტირების გაფართოება და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვა.
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1.398 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 382 ათასს გადააჭარბა.