სისხლიანი დაპირისპირება რუსთავში: პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, რომელიც წუხელ გვიან ღამით მოხდა, ორი ადამიანი დაიჭრა. ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში გვიან ღამით მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო მეორეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
სისხლიანი დაპირისპირება რუსთავში - მოკლულია ერთი ადამიანი
როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. აღნიშნულ მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი  მამაკაცი, რომელმაც მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. ისინი შემთხვევის ადგილიდან ერთად მიიმალნენ.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდი გახდა: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს >>
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე  სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლებითა და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.