თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 21 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:04 საათზე 8 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.