5 ივლისს დაშავებული ფოტორეპორტიორის მდგომარეობა მძიმეა

გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც თბილისის ცენტრში რადიკალური დაჯგუფებების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ, კვლავ კლინიკაში რჩება
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის გიორგი ნიკოლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავდა, კვლავ მძიმეა.
ოთხმა ტელეარხმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მაუწყებლობა შეწყვიტა
როგორც ნიკოლიშვილმა კოლეგებს განუცხადა, მისი მდგომარეობა მძიმეა და დამატებით კვლევებს საჭიროებს.
„სიტუაცია მძიმეა. მაქვს თავის ტკივილები, თავის ტვინის ჰემატომა. ასეთი სიტუაციაა", - განაცხადა ნიკოლიშვილმა.
მისი თქმით, მას არ ახსოვს ცემის ფაქტი და ჯერ არ იცის თუ როდის შეძლებს კლინიკის დატოვებას.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. მათ ამოცნობას ვერ შევძლებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არამარტო ჩემს საქმეზე, არამედ ნებისმიერი ჩემი კოლეგის საქმეზე ყველა მოძალადე მკაცრად დაისჯება", - განაცხადა ნიკოლიშვილმა Palitranews-ის ეთერში.
ნიკოლიშვილი რამდენიმე ადამიანმა სცემა, რა დროსაც მან გონება დაკარგა.
5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტორეპორტიორი, ტელეკომპანია „ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი ცემის ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა. კლინიკაში მიყვანისას მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე დაჰყო.
როგორც ტელეკომპანია "TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.