თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ მეხუთე ბრალდებულს - დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დავით კუტალაძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების ხმაური მოჰყვა. მედიის წარმომადგენლები მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
კუტალაძე სამართალდამცველებმა 12 ივლისს დააკავეს. 13 ივლისს კი მას პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლებით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა.
დაკავებულის ადვოკატმა მისი გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა, ბრალდების მხარემ კი დავით კუტალაძისთვიოს პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის საშიში არ არის.
„მე არ ვარ მოძალადე, მე ვარ ქართველი ვაჟკაცი. მე ვარ ღარიბი, მაგრამ სულით მდიდარი ადამიანი“, – განაცხადა დავით კუტალაძემ.
კუტალაძეს, ისევე როგორც საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე კუტალაძე და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორს ალექსანდრე ლაშქარავას.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.
„TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. ცემის შემდეგ მას ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
ლექსო ლაშქარავასა და „TV პირველის" ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, ხუთივეს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ.
ლექსო ლაშქარავა დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.