თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ძალადობის ყველა ფორმა დაუშვებელია მიუხედავად იმისა, ვის წინააღმდეგაა იგი მიმართული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
არეულობა თბილისში 5 ივლისს დაიწყო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის" მიერ კვირეულის დასკვნითი ღონისძიების „ღირსების მარშის" ჩატარება იგეგმებოდა. ამის წინააღმდეგ გამოსული ჯგუფები საბოლოოდ მასმედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს. შსს-ს ცნობით, თბილისში 20 „ცხელი წერტილი" იყო. ოფიციალური ინფორმაციით, იმ დღეს 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 53 მასმედიის წარმომადგენელი იყო. დაშავებულთა შორის იყო ლექსო ლაშქარავაც, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს. იგი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს გარდაიცვალა.
„კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და, ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანების მხრიდან. ეს არ ვარგა, დაუშვებელია. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემაა საჭირო. ძალადობა არის არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურიც. ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, ძალადობის შემცველი და წამახალისებელი განცხადებები თუ მოქმედებები მიუღებელია. ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ", – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ძალადობაში მონაწილე ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
„პოლიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაეცვა ადამიანების უსაფრთხოება. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, სამწუხაროდ, ის უბედურება, რაც ვიხილეთ, მთელ ქალაქში ხდებოდა. ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", – აღნიშნა კალაძემ.
ლაშქარავას გარდაცვალება
„TV პირველის"ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თბილისში 5 ივლისს „სირცხვილიას" ოფისის დარბევისას ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს, დილით გარდაცვლილი საკუთარმა დედამ ნახა. მას კლინიკაში გადაყვანის შემდეგ ტვინის შერყევა და სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერატორი კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მესამე დღეს გარდაიცვალა. ბოლო დღეები ის სახლში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ლექსო სტუმრად იმყოფებოდა „TV პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა.
როგორც ტელეკომპანია „TV პირველის" ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს, რომელიც „სირცხვილიას" ოფისში ლაშქარავასთან ერთად მოძალადეთა მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, ხუთი წუთის განმავლობაში ოპერატორს ფეხებით დაახლოებით 20 ადამიანი სცემდა.
ლექსო ლაშქარავას დედა აცხადებს, რომ მისი ვაჟი 5 ივლისს მომხდარი ცემის ფაქტამდე აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. ის შვილის გარდაცვალებას სწორედ ამ მოვლენებს უკავშირებს, მაგრამ კონკრეტული მიზეზის დასახელება არ შეუძლია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ეს სტანდარტული მუხლია, როდესაც პოულობენ ცხედარს, რომელსაც ძალადობის აშკარა ნიშნები არა აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით საქმეს სხვა კვალიფიკაცია მისცენ.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და ქვეყნის დიდი ქალაქების ქუჩებში პრაქტიკულად ყველა ჟურნალისტი და ათი ათასობით ადამიანი გამოიყვანა. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეკრებილებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს – ისინი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის გადადგომას მოითხოვენ. აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდებები იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობის შესახებაც, რომლებიც 5 ივლისის აქციაზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მიმართ აგრესიის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი.
შსს-მ უკვე გამოთქვა წინასწარი ვერსია, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკების ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ექსპერტიზაში ჩართულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ტკივილის მოსახსნელად ლაშქარავა ექიმის დანიშნულებით „მორფინს" იღებდა. შსს ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც ექიმის მიერ დანიშნული ნარკოტიკული საშუალების დოზა დაუმთავრდა, მან ნარკოტიკი დამოუკიდებლად შეიძინა. შსს აცხადებს, რომ გააჩნია შესაბამისი ვიდეოჩანაწერები.