თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. გამოვედი ინიციატივით, რომ ყველა კონფერენციაზე ან შეკრებაზე დაიშვან ორჯერადად აცრილი ადამიანები, ან ბოლო 72 საათში გატესტილი უარყოფითი ტესტით, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეს უნდა იყოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება, რადგან ვაქცინაცია არაა სავალდებულო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე ისაუბრა ე.წ. უსაფრთხო სკოლებისა და უნივერსიტეტების თემაზე. კერძოდ, მისი ინფორმაციით, განიხილება, რომ შემოდგომაზე უნივერსიტეტებში ყველა პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი, ასევე სკოლებში ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იყოს ორჯერადად აცრილი.
„ეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ მასწავლებელმა არ მიუტანოს ბავშვს, ან ბავშვმა არ გადასდოს მასწავლებელს ინფექცია. ძალით ამას ვერ გავაკეთებთ, ეს უნდა იყოს თვითშეგნება", – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ქვეყანაში ვაქცინაციას ექვემდებარებიან 18 წელს ზემოთ მოქალაქეები. ხოლო როგორ და რა ასაკიდან შეიძლება დაიწყოს მოსწავლეთა ვაქცინაცია – გამყრელიძეს არ განუმარტავს.
რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა საკუთარ თანამშრომლებსა და სტუდენტებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. როგორც თსსუ-ში განაცხადეს, უნივერსიტეტის მართვის კოლეგიურ ორგანოებში იგეგმება საკითხის განხილვა მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლო აუდიტორიებში, კლინიკებსა თუ ლაბორატორიებში მხოლოდ ვაქცინირებულთა დაშვების შესახებ.
საქართველოში 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში შემოტანილია ჩინური ვაქცინები Sinopharm და Sinovac. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციისთვის 350 ბრიგადა და 150 კლინიკა მოამზადა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში აიცრა 310.332 მოქალაქე, ორჯერადად – 120.479 პირი.