თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში „დელტა" შტამის შემთხვევების რაოდენობა ბავშვებში იზრდება და ბავშვთა საავადმყოფოებში საწოლების დატვირთვა იმატებს.
„გასულ კვირაში ე.წ. ინდური, დელტა შტამით ინფიცირების 27 შემთხვევა გვქონდა. პროგნოზით, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ეს შტამი ევროპაში ჩაანაცვლებს ბრიტანულს. „დელტა" შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, პანდემიის მეოთხე ტალღის ასაცილებლად აუცილებელია რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა და მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია.
„კოვიდ-ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა 25-26 ივნისიდან კვლავ ზესვლა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ვირუსის შესაკავებლად ახალ ველოსიპედს ვერავინ მოიგონებს, ამისთვის არსებობს რამდენიმე მიდგომა – მეტი ადამიანი უნდა აიცრას, უნდა გავაფართოვოთ ტესტირება", – აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში ე.წ. ინდური შტამის უკვე 72 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" (იგივე „დელტა" შტამი) პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა.
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ „ინდური" შტამი მალე „ბრიტანულს" ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.862-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 379.673-ს მიაღწია.