თამარ გაბუნია: საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უარესდება

ქვეყანაში „დელტა" შტამის შემთხვევები კვლავ იმატებს, რაც ზრდის რისკებს, რომ ბავშვებში ვირუსის საყურადღებო შემთხვევებმა მოიმატოს, აღნიშნა გაბუნიამ.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია, რაც განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გააქტიურებულია. ამასთან, საჭირო გახდა პედიატრიული საწოლების დამატებითი მობილიზება, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
„ვკარგავთ ძვირფას დროს" – გაბუნია საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე
„თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, ახლა უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიწია დამატებით საწოლების მობილიზება", – განაცხადა გაბუნიამ.
მან ასევე განმარტა, რომ ვირუსის გავრცელების შეკავების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა და აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროგრამა შეუფერხებლად განხორციელდეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამის უკვე 72 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ნიშნავს, რომ ბავშვებში საყურადღებო შემთხვევები მოიმატებს.
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" (იგივე „დელტა" შტამი) პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა.
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ „ინდური" შტამი მალე „ბრიტანულს" ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.862-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 379.673-ს მიაღწია.