ბათუმის სტადიონი პირველ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ბათუმის „დინამოსა“ და სან–მარინოს „ტრე პენეს“ მატჩს მაქსიმუმ 10 ათასი მაყურებელი დაესწრება.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ბათუმის ახალი ცენტრალური სტადიონი პირველ საერთაშორისო მატჩს 15 ივლისს უმასპინძლებს.
საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ახალი თანამედროვე სტადიონი აჭარის დედაქალაქში 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა. 
2023 წელს ბათუმის სტადიონი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას გეგმავს.
უეფას „კონფერენს ლიგის“ 2021/22 წლების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბათუმის „დინამო“ სან-მარინოს „ტრე პენეს" დაუპირისპირდება. 
გიორგი აბურჯანია კარიერას პორტუგალიურ კლუბში გააგრძელებს
პირველ მატჩში ბათუმის „დინამომ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 4:0. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში ბათუმელები მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გადავლენ, სადაც ბელარუსის „ბატეს“ დაუპირისპირდებიან.
ბათუმის „დინამო“ საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. მიმდინარე სეზონში გუნდი უეფას „კონფერენს ლიგაში“ მონაწილეობს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბილეთების გაყიდვა წარმოებს დისტანციურად, biletebi.ge-ს პორტალზე. ბილეთის ფასი 5 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობს.