თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჩინური ვაქცინები – Sinopharm-ი და Sinovac-ი იმ შვიდ ვაქცინას შორისაა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მისი ინფორმაციით, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ცნობენ ამ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია აცრილი ადამიანების მოგზაურობა.
„მოგზაურობისთვის მთავარი დოკუმენტი ამ დროისთვის ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტია. ვაქცინაცია ძირითადად არის მოთხოვნილი ისეთი დიდი თავშეყრის ადგილებში ცხოვრებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სტუდენტების კამპუსი, ასევე რაიმე დიდი თავყრილობისთვის", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა თანდათან გააფართოვა. ამ დროისათვის ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ჩინური წარმოების Sinopharm-ისა და Sinovac-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ვაქცინაციის პროცესში 160 დაწესებულებაა ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 310.332 ადამიანს აქვს ჩატარებული, საიდანაც სრული ორი დოზა 120.479 მოქალაქეს აქვს მიღებული.