ღვინის რამდენ სახეობას ეთქვა უარი ექსპორტის განხორციელებაზე

სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. 42 საინსპექციო კონტროლის შედეგად ღვინის 62 ნიმუშიდან არადამაკმაყოფილებლად 6 ნიმუში შეფასდა, შესაბამისად, აღნიშნულ ღვინოებს უარი ეთქვა ექსპორტზე, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
მიმდინარე წლის ივნისიდან, ახალი რეგულაციის თანახმად, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახორციელებენ.
რუსი ექსპერტების ეჭვი ზოგიერთი ქართული ღვინის ხარისხზე და პროდუქციის პერსპექტივები
2021 წლის მეორე კვარტალში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის მწარმოებელ 18 კომპანიაში განახორციელა სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებულია 200 ნიმუში, რომელთა კვლევა ამჟამად მიმდინარეობს.
ამავე პერიოდში სააგენტოს მიერ საინსპექციო კონტროლი განხორციელდა 19 კომპანიაში. აქედან ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე. საინსპექციო კონტროლო სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის დადგენას ითვალისწინებს.
ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით ჩატარდა 68 დეგუსტაცია. 3220 ნიმუშიდან 169 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 3051 - დადებითად.
მთავრობის გეგმა: შემოსავლებმა ღვინის ექსპორტიდან მილიარდ დოლარს უნდა გადააჭარბოს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან 2021 წლის ექვს თვეში მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო არის ექსპორტირებული, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13%-ით მეტია.
ამასთან, ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 104 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.
ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, სადაც დაახლოებით 28 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული (ზრდა  - 8%).
ღვინის ექსპორტი: მიღებულმა შემოსავალმა წინა წლების შემოსავლებს გადააჭარბა
ბაზრების დივერსიფიკაციის პროგრამის ფარგლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლიდან ქართულ ღვინო გააქვს სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე: აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია, გერმანია. ქართული ღვინო წარდგენილი იყო ყველა დიდ საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე მთელ მსოფლიოში.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართული ღვინის ხელშეწყობისთვის გამოყოფილი თანხა 2012 წლიდან 1,5 მლნ ლარიდან 9 მლნ ლარამდე გაიზარდა. შედეგად 2012 წლიდან ქართული ღვინის ექსპორტი დაახლოებით 300%-ით გაიზარდა. 2012 წელს 43 ქვეყანაში ექსპორტზე გატანილი იყო 23 მლნ ბოთლი ღვინო. 2020 წლის მონაცემებით კი საქართველომ მსოფლიოს 60 ქვეყანაში 92,4 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანა.