საქართველოში სასჯელი ქვეყნის სიმბოლიკის ხელყოფაზე შეიძლება გამკაცრდეს

ქართულ კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული სასჯელი სხვა ქვეყნების ან კავშირის სიმბოლიკის შეურაცხყოფაზე.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქვეყნის სიმბოლიკის ხელყოფაზე სასჯელი უფრო მკაცრი იქნება, თავად სიმბოლიკის ჩამონათვალი კი გაფართოვდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ ევროკავშირის დროშა აღმართა
ქვეყნის სიმბოლოების ეფექტური დაცვის საკითხი მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ტრადიციული ღირებულებების დამცველებმა“ ბოლო კვირაში თბილისში ორჯერ დაწვეს ევროკავშირის დროშა, მათ შორის ის, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ იყო აღმართული. საქართველოს ხელისუფლებამ ამ ფაქტს ვანდალიზმი უწოდა.
„სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული", – განაცხადა კუჭავამ.
მისი თქმით, კანონმდებლობაში არ არსებობს ამგვარი ნორმა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის და პარლამენტი შესაბამისი შესწორებების მომზადებას დაიწყებს.
საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყანაში ამჟამად ისჯება სახელმწიფო დროშისა და გერბის ხელყოფა. სასჯელი ნახევარი წლიდან ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.