თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო პოლარიზებულ საზოგადოებას სიყვარულისა და მშვიდობისკენ მოუწოდებს.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია. ყველას გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ამ ერთობაში ჩვენი, ყველას საკეთებელი საქმე ვაკეთოთ", – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძემ საზოგადოებას ასევე თანაგრძნობისკენ მოუწოდა. მან მიუსამძიმრა ტელეკომპანია „TV პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.
„მინდა მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს სამძიმარი ვუთხრა. ნებისმიერი ადამიანის, ჩვენი თანამოქალაქის წასვლა, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, არის ძალიან სამწუხარო", – განაცხადა ჯაღმაიძემ.
„TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს არეულობის დროს სასტიკი ცემის შემდეგ მეექვსე დღეს, კვირას, დილით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ის თბილისში ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეთა აქციაზე არეულობის დროს სასტიკად სცემეს. ოპერატორს დაემსხვრა სახის ძვლები, დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია. ის რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა.
როგორც ამავე ტელეარხის ჟურნალისტმა მირანდა ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც თავდასხმის დროს ოპერატორ ლაშქარავასთან ერთად იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას" ოფისში, ოპერატორს 20 ადამიანი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სცემდა და ის სისხლის გუბეში მწოლიარე დატოვეს.
ოპერატორის გარდაცვალებამ თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოიყვანა. მასმედიის წარმომადგენლებმა პარლამენტთან გამართულ აქციაზე მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მეთაურობით. თუ მინისტრთა კაბინეტი ორშაბათს შუადღემდე არ გადადგება, მაშინ 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური აქცია გაიმართება, სადაც ლიდერები თავიანთ გეგმებზე ისაუბრებენ.
აქციებზე არაერთხელ გაისმა მოწოდება, რომ პასუხისგებაში მისცენ ის მღვდელმსახურებიც, რომლებიც 5 ივლისს არეულობის დროს შეკრებილ მოქალაქეებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და ამით ჟურნალისტების მისამართით აგრესიის პროვოცირება მოახდინეს.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია... პავლე მოციქულის სიტყვებია: ქრისტემ შეირიგა ქვეყანა, ადამიანებს არ შეურაცხა მათი ცოდვები და შერიგების სიტყვა დაგვიტოვა. ამიტომ მეტი თანაგრძნობა გვმართებს", – განაცხადა ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს წარმომადგენელმა ასევე გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა სახელმწიფოების ელჩები საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან.