სამსონ ხონელი
წინამდებარე სტატიაში უახლოესი წარსულის შეხსენებით აწმყოზე მოგახსენებთ და მომავლის განჭვრეტასაც ვეცდები. არ მინდა მკითხველმა იფიქროს, რომ მის ყურადღებას გლობალური და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხებზე მივაპყრობ. არა, ეს ჩემს ანალიტიკურ უნარებს აღემატება, ამიტომ, ზაფხულის ცხელი დღეების გათვალისწინებით, ტურიზმზე მოგახსენებთ.
არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მე კი მგონია, რომ ბოლო რამდენიმე წლის გამოცდილებამ ყველანი დაგვარწმუნა, რომ ტურიზმი ის სტრატეგიული სფეროა, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ეკონომიკის ზრდისა თუ შემცირების ტენდენციასა და დინამიკას. ვეჭვობ, არახალია – ის, თუ რამდენი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვევა ქვეყანას, საგრძნობლად აისახება ზოგადად ჩვენი მოქალაქეებისა და, განსაკუთრებით, უშუალოდ ტურიზმის, ან მომიჯნავე სექტორში დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობაზე. ასე რომ, თანმიმდევრულად მივუყვები თხრობას...
ცოტა რამ წარსულიდან: 2019 წლის 19-20 ივნისიდან მოყოლებული, თითქმის სამი თვის განმავლობაში ყველაფერი ვიღონეთ, რომ ქვეყნის ტურისტული იმიჯისთვის ზიანი მიგვეყენებინა. დაგვავიწყდა ან მხედველობაში არ მივიღეთ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა და წესრიგი ის აუცილებელი პირობაა, რომელსაც პოტენციური ტურისტი მოგზაურობის ადგილის შერჩევისას ითვალისწინებს. განვითარებული მოვლენების შედეგად მაშინდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა.
იმავე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში კი COVID-19-ის სახით სამყაროს უხილავი მტერი მოევლინა. მომდევნო წლის მარტის თვის მეორე დეკადის დასაწყისში მსოფლიოში COVID-19-ის პანდემია გამოცხადდა. ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ეკონომიკის ყველა მიმართულება, მათ შორის ტურიზმი, მძევლად აიყვანა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. გამონაკლისი არც საქართველო იყო. ახალ რეალობაში ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობაზე ჯერ წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა, შემდეგ კი სრული „ლოკდაუნი“ გამოცხადდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული გასული წლის ბოლომდე ყოველი მომდევნო თვის სტატისტიკური მონაცემები ტურისტული შემოსავლების ფაქტობრივ განულებაზე მიანიშნებდა. ეს კი, სხვა ეკონომიკური პარამეტრების გაუარესებასთან ერთად, ეროვნული ვალუტის კურსსა და ინფლაციურ პროცესებზე მკვეთრად ნეგატიურად აისახა.
აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული თითქმის რვა თვის განმავლობაში ქვეყნის ტურისტული იმიჯის გაკეთილშობილებას პოლიტიკურმა პროცესებმაც შეუწყო ხელი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. თუმცა, შესაძლოა, ვცდები და აქ სახუმარო არაფერია და, პირიქით, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის მაშინ საქართველო უალტერნატივო არჩევანი იყო. ვისთვის – როგორ, ალბათ, გემოვნების ამბავია. ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის დიდმა ნაწილმა დაიჩემა, არჩევნები გაყალბდაო, მერე დედა დაიფიცა, ქვეყანა სულ რომ დაიქცეს, პარლამენტში მაინც არ შევალთო. საბოლოოდ სიჯიუტეს სამშობლოს სიყვარულმა სძლია და მათი უმრავლესობა პარლამენტში შევიდა. ერთი სიტყვით, ფაქტია, სანახაობა შედგა. რაც შეეხება პურს, ვეჭვობ, ეს ის არის, რისთვისაც საერთაშორისო ვიზიტორი ამ ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ჩამოდის. თუ ვინმე ქართულ სუფრას შემახსენებს, ვიტყვი, რომ ესეც სანახაობის ნაწილია და ისიც ყოველთვის არა.
COVD-19-ის პანდემიის გამო ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები
გასული წლის ბოლოდან მოყოლებული ეტაპობრივად მოიხსნა. ცხოვრება გამოცოცხლდა. შედეგად – პანდემიის პერიოდში ქვეყანა ეკონომიკური რეცესიიდან პირველად გამოვიდა. ეს იყო მარტში, როდესაც ეკონომიკა შემცირების ნაცვლად 4 პროცენტით გაიზარდა. უკვე აპრილში კი ეკონომიკური ზრდის რეკორდული მაჩვენებელი – 44,8 პროცენტი დაფიქსირდა. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად პოზიტიური დინამიკის ერთ-ერთ მიზეზად ერთ თვეში 141 პროცენტით გაზრდილი ტურისტების რაოდენობაც დასახელდა.
მთავრობა ეკონომიკური ზრდის ტემპის ოპტიმისტურ სცენარზე ალაპარაკდა. ითქვა, რომ შესაძლოა წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელიც კი მივიღოთ. დასახელდა კონკრეტული რიცხვიც − 10,2 პროცენტი. რა იყო ამ ოპტიმიზმის საფუძველი? როგორც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აღნიშნავდა, ოპტიმისტური სცენარი მიმდინარე წელს ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფი აღდგენისა და ეკონომიკის სხვა დარგების დინამიკური განვითარების პროგნოზს ეფუძნებოდა.
როგორ განვითარდა მოვლენები?
მაისში ტურისტების რაოდენობა 362 პროცენტით გაიზარდა. 1 ივნისს საქართველომ სახმელეთო საზღვარიც გახსნა და, ბუნებრივია, იყო მოლოდინი, რომ თვის ბოლოსთვის საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო მზარდი იქნებოდა. ასეც მოხდა, ივნისში ვიზიტორების რაოდენობა 287 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, ამ მკვეთრი ზრდის მიუხედავად, მთავრობის მოლოდინი ვერ გამართლდა. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებლები, გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემების მხოლოდ ნახევარია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80 პროცენტით ნაკლებია.
მეტი კონკრეტიკისა და სიზუსტისათვის: ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს 486 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 66,4 პროცენტით ნაკლებია 2020 წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებელზე, ხოლო 87,4 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებზე. საერთაშორისო მოგზაურთა შორის 464 ათასი ვიზიტორი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62,2 პროცენტით, 2019 წელთან შედარებით კი 85,6 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება ტურისტებს, მათმა რაოდენობამ 422 ათასს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ, 2019 წელთან შედარებით კი ხუთჯერ ნაკლებია.
თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის იანვარში ტურისტების რაოდენობა სულ 20 პროცენტით გაიზარდა, ხოლო თებერვალში ნულოვანი ზრდა შენარჩუნდა, მიმდინარე წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში სამნიშნა პროცენტული ზრდით შესაძლებელი გახდა შარშანდელი მაჩვენებლის მხოლოდ ნახევართან გატოლება.
ასე რომ, ხელისუფლების სურვილი, ტურიზმი პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს 50 პროცენტით მიუახლოვდეს, მხოლოდ სურვილად რჩება. COVD-19-ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დიდი ნაწილის მოხსნის მიუხედავად, კვლავაც პრობლემად რჩება ვაქცინაციის დაბალი ტემპი. ტურიზმი სანახევროდ დარჩენილ თვეებში მაინც რომ აღდგეს, საჭიროა არსებულთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფი ზრდა, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ 700 პროცენტით მეტი ტურისტი უნდა შემოვიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის მაჩვენებლები ორი წლის წინანდელი ანალოგიური პერიოდის მონაცემებს ხუთჯერ ჩამორჩება, ისიც ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ტურიზმის სექტორი საგრძნობლად გამოცოცხლდა და საზაფხულო სეზონისთვის ოპტიმისტური მოლოდინებიც გაჩნდა. თუმცა, სად იყო და სად არა, ივლისის
პირველ კვირაში, ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მთავარ გამზირზე ერი და ბერი კვლავ შევიკრიბეთ და... აღარ განვაგრძობ, დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება, ვინ რას ითხოვდა, ვის რისი შიში ჰქონდა და რისგან იცავდა თავს, რა ჩამოხიეს, რა აღმართეს და ა.შ. მკითხველს ისიც ემახსოვრება, რომ ღირსების დასაცავად ბრძოლისას პოლონელი ტურისტი გაილახა... ფაქტია, მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მივიქციეთ. როგორ აისახება ტურიზმის სექტორზე 5-6 ივლისის მოვლენები, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი, რაკი აგვისტო წინ არის, მოდით, ჩვენ ჩვენი ვეცადოთ და ზაფხულის ტურისტული სეზონის „ხელშესაწყობად“ რაც აქამდე გადაგვირჩა, აწი გავაფუჭოთ...