თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ამერიკული სარაკეტო ნაღმმზიდი Benfold-ი უნებართვოდ შევიდა ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში კუნძულ სიშას სიახლოვეს, რომელსაც ჩინეთი თავის საკუთრებად მიიჩნევს, იუწყება Malaysia kini ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
„12 ივლისს ამერიკული სარაკეტო ესკადრონული ნაღმმზიდი Benfold-ი, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლებისგან ნებართვა არ მიუღია, უკანონოდ შეიჭრა სიშას არქიპელაგის (პარასელის კუნძულების ჩინური სახელწოდება — რედ.) ტერიტორიულ წყლებში... სიშას არქიპელაგი ჩინეთის ძირძველი ტერიტორიაა. ამერიკული ხომალდის მოქმედება უცერემონიოდ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს, სერიოზულად უთხრის ძირს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, არღვევს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაზო პრინციპებს და ზრდის რეგიონში საფრთხეების რისკებს, არის სამხრეთ ჩინეთის ზღვის მილიტარიზაციის კიდევ ერთი დასტური“, — ნათქვამია განცხადებაში.
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საბრძოლო სარდლობის ოფიციალური წარმომადგენლის ტიან ცზიუნლის თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით ჩინეთმა პროტესტი გაუგზავნა აშშ-ს.
ამასთან ცზიულინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხერო-საჰაერო და საზღვაო ძალებმა ამერიკულ ხომალდს გაფრთხილება მისცეს, შემდეგ კი აკვატორიიდან „გასწიეს“.
პეკინი აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან უკვე ათობით წელია დავობს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე რამდენიმე კუნძულის კუთვნილებაზე, რომელთა შელფებზე ნახშირწყალბადების მნიშვნელოვანი მარაგებია აღმოჩენილი. ამ დავაში ამა თუ იმ ხარისხით ჩართული არიან ვიეტნამი, ბრუნეი, მალაიზია და ფილიპინები.
ვითარება ხშირად იძაბება აღნიშნულ ტერიტორიაზე ამერიკული ხომალდების გავლის გამო, რომლებიც, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საერთაშორისო სამართალს არღვევენ და საფრთხეს უქმნიან ჩინეთის სუვერენიტეტს. მიუხედავად პეკინის პროტესტებისა, ვაშინგტონი აცხადებს, რომ აშშ კვლავაც განაგრძობს ფრენას და ცურვას ყველგან, სადაც ამის უფლებას საერთაშორისო სამართალი აძლევს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მან ფილიპინების სარჩელზე გამოიტანა 2016 წელს, ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სრულიად უსაფუძვლოა. პეკინმა ამ დადგენილების პასუხად განაცხადა, რომ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობს და არ იღებს მას.